ნებისმიერ ადამიანს აქვს მისთვის საოცნებო ერთი ან რამდენიმე ქალაქი. ბევრი იმ ბედნიერ შემთხვევას ელოდება ამ ქალაქში ზღაპრულად რომ გაჩნდება, დანარჩენები კი თავს არ იზოგავენ ოცნების ასრულებისთვის და აღწევენ კიდეც მიზანს. როგორც წესი, ასეთ ადამიანებს საოცნებო ქალაქზე ბევრი რამ სმენიათ, ზეპირად იციან მისი აწმყო და წარსული, ბევრს კი ფოტოებზე ქუჩების ამოცნობაც კი სძალუძს. ზოგმა იმდენადკარგად იცის მისი ისტორია რომ იქ მოხვედრის შემდეგ ამბობს: თითქოს მთელი ცხოვრება აქ გამეტარებინოსო.
ენჯელ.ჯი კვლავაც განაგრძობს ოცნებების ქალაქებში მოგზაურობას და თქვენთვის გაცნობას. შემდეგი ქალაქი სილამაზის სამშობლოში - იტალიაში მდებარეობს და მას ვენეცია ეწოდება. მთელი მისი მშვენება თავმოყრილია არხებით დაქსაქსულ ქუჩებში, ფრთიანი ლომებით დამშვენებულ მოედნებში, ლამაზად მოხატულ კანჯოებსა და საუცხოო ორნამენტებით მოპირკეთებულ შენობებში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საუცხოო მეჯლისებისა და კარნავალების იდუმალ ქალაქში - ვენეციაში.
ვენეცია ყოველთვის გამოირჩეოდა მისი გეოგრაფიული მდებარეობით და ცხოვრების სტილით იტალიისა და დანაჩენი მსოფლიოს ქალაქებისგან. ამრიგად მას აღმოჩენის დღიდან იდუმალი ძალით სძალუძს მიიზიდოს ხალხი და ამიტომაც სტუმართა რიცხოვნებით ერთ-ერთი პირველი ქალაქია.
ამ ქალაქში პატარები თავს ზღაპარში გრძნობენ - ვენეცია მდიდარია საოცარი არსებებით: მშვენიერი ანგელოზებით და ფრთიანი ლომებით. ძველი ექსპონანტებით სავსე მუზეუმებით. სწორედ ამ საუცხოო ქალაქს აფარებენ თავს პატარა ბო და პროსპერი სახლიდან გაქცევის შემდეგ (ქურდების მბრძანებელი).
შედარებით უფროსებს კი ვენეციაში სრულებით სხვა რამ, იდუმალებით და მოულოდნელობებით სავსე კარნავალი იზიდავთ. ლამაზი კოსტიუმები და ნიღბები, ახალი თავგადასავლები, ძველი ეპოქისთვის დამახასიათებელი დიდებული მეჯლისები და რომანტიული ისტორიები. ეს ყოველივე ვენეციის კარნავალზე მოხვედრისას გარდაუვალია. ის ხომ სასწაულების ქალაქი, ადრიატიკის ზღვის დედოფალი ვენეციაა.
ასაკოვან ადამიანებს და მოხუცებულებს კი ვენეცია მისი სიმშვიდისა და სიმყუდროვის გამო უყვართ. ბევრისთვის საოცნებოა იმ ადამიანთან ერთად ვისთან ერთადაც ნახევარი ცხოვრება გაუტარებია იჯდეს ვენეციის რომელიმე დიდებული მოედნის შუაგულში მდებარე შადრევანთან და ტკბებოდეს მისი ცხოვრებით, ქალაქის მშვენებით და წარსული მოგონებებით.