სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო- ხის და ისლის. სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად- თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.
ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი-მზის სხივს,
ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გავლით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.
მერე ვნახავდი საცოლეს- ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,
მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე, წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემ ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო- ხის და ისლის, სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად-თიბათვის ნისლი.